ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ანთოლოგია “რუსთავი 50 - 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გამოიცა. ანთოლოგიისა და 16 CD დისკის პრეზენტაცია 13 მარტს, 18.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანსამბლ „რუსთავის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მიწვეულ სტუმართა შორის იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე ანსამბლი კონცერტსაც გამართავს. ტრადიციულ ხალხურ რეპერტუართან ერთად, უცხოური სიმღერებიც შესრულდება.

მკითხველი 208-გვერდიან წიგნში, რომელიც ქართულ-ინგლისურ ენებზეა შედგენილი, ანსამბლ „რუსთავის“ 50-წლიანი მოღვაწეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს. მასში აღწერილია ანსამბლის ისტორია, ანსამბლის ყველა თაობის წევრების შესახებ ინფორმაცია, ცნობილი ხელოვანების, პოლიტიკოსების, უცხოელი იმპრესარიოებისა და არტისტების შეფასებები. ასევე, თავმოყრილია 50 წლის განმავლობაში უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები. მკითხველი საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცულ მასალებს და ფოტო არქივსაც გაეცნობა.

რაც შეეხება სიმღერების კრებულს, ის 16 CD დისკისგან შედგება, სადაც თავმოყრილია 400 ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც ჩაწერილია ანსამბლის 50-წლიანი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში. წიგნი თურქეთში დაიბეჭდა და შეზღუდული რაოდენობით გამოიცა, რომელიც საკოლექციო-რარიტეტულ ნიმუშს წარმოადგენს. ეს საიუბილეო გამოცემა საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას. ანთოლოგიის შედგენაზე ანზორ ერქომაიშვილმა, მიხეილ კილოსანიძემ, ვახტანგ როდონაიამ, თამარ გელოვანმა და ქეთევან გოგავამ იმუშავეს.

„ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას.

დღიდან დაარსებისა, ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით“, - ნათქვამია ანსამბლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა