სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს, მათ შორის დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში, გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად.

“პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე ვერსია, რომლის საფუძველზე ნაძალადევის ოლქში გადამზადდებიან და დასაქმდებიან სამუშაოს მაძიებლები. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის გავრცელდება მთელს საქართველოზე.

სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.

ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს