გიორგი თარგამაძე - ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ სამხედრო შტურმი განხორციელდებოდა

ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ განხორციელდებოდა სამხედრო შტურმი ტელეკომპანია „იმედზე“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას საქმეზე „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

გიორგი თარგამაძემ დეტალურად გაიხსენა პროცესები, რაც 2007 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდს და კონკრეტულად ტელეკომპანიაში შეჭრის ფაქტს ეხებოდა.

„სიტუაცია 2006 წლის თებერვალში დაიძაბა, როდესაც ვაწარმოეთ ჟურნალისტური გამოძიება სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით, გაჩნდა ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავდით სიტუაციას, რათა ტემპერატურა აგვეწია. დაძაბულობა გაგრძელდა და მათ უარი თქვეს გადაცემებში მონაწილეობაზე, პოლიტიკური ბოიკოტის ქვეშ აღმოჩდა „იმედი“. 2007 წლის აგვისტოს ბოლოს სიტუაციამ პიკს მიაღწია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს პატარკაციშვილთან „იმედის“ საკითხზე, მათ შორის სხვადასხვა შეთავაზებებით და ზეწოლის ხერხებით“, - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის წინ რამდენიმე პოლიტიკოსის დარბევა მოხდა და ამან გამოიწვია სიტუაციის ხელახალი ესკალაცია.

„ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია „იმედისთვისაც“, რადგან იქ იგრძნობოდა შეურაცხმყოფელი ტონი და დამოკიდებულება ჩვენი თანამშრომლების მიმართ, ჩვენი მიკროფონით მყოფებს მიზანმიმართულად, დასდევდნენ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ მე გავეცი ბრძანება მიკროფონზე ლოგოები მოეხსნათ, რადგან ვერ ვახერხებდით ჟურნალისტების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ შსს-ს. არხის გადამცემი ხაზი დააზიანეს და პირდაპირ სიგნალს ვეღარ ვახორციელებდით. როგორც ყველა არხი ჩვენც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით. საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის დროს ჩვენთან მოვიდნენ გადაცემის სტუმრები. მე ჩავედი დაბლა და უნდა მოვმზადებულიყავი საეთეროდ. იმ მომენტში მესმის ყვირილი, “შემოიჭრნენ”. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა რომ განხორციელდებოდა სამხედრო შტურმი ტელეკომპანია „იმედზე“. საღამოს გავიგე ყვირილი საგრიმიოროში, სააპარატოში ვთხოვე, რომ დაეკეტათ შიგნიდან კარი და პირველ სართულზე გავემართე, საიდანაც ჩანდა ნიუსრუმი. მე პირისპირ შევეჩეხე სპეცრაზმელებს, თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი - კედელზე აყუდებული, ავტომატებით შეიარაღებული ჯგუფი. პირველი რაც გავაკეთე, ხელები ავწიე და ვკითხე - რისთვის ხართ შემოსული, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, ამაზე პასუხი არ იყო. შევტრიალდი და წავედი, მათ ვერ გაიგეს საით წავედი, არ იცოდნენ სად იყო საინფორმაციო სტუდია. ვთხოვე წამყვანებს სტუდია დაეთმოთ და ოპერატორებს ვთხოვე, სტუდია დაეტოვებინათ. სიტყვის წარმოთქმა დავიწყე, ამ დროს მესმის კარზე მძიმე საგნის დარტყმის ხმა და სააპარატოში ყვირილი, რომ გათიშეთ ეთერი, მესმის ყვირილი, წივილი. სტუდიის კარზე მესმის დარტყმის ხმა და შემოდის სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი, კამერას ატრიალებენ და ერთ-ერთი მომმართავს, რომ არავითარი ზედმეტი განცხადებები და ზედმეტი მოძრაობა. რომ გამოვედით, ვხედავ, რომ საინფორმაციოს კარი შენგრეულია, მე ჩამიყვანეს პირველ სართულზე და იქ პირველ სართულთან არის ვიწრო დერეფანი, სადაც მოხდა უშუალოდ ჩემი და ირაკლი კოდუას შეხვედრა. მე ვკითხე მას რა ხდება და რისი მიღწევა სურთ ამ ტიპის აგრესიული ქმედებებით, და იმავე მომენტში გამოჩდა არხის ხელმძღვანელი ბიძინა ბარათაშვილი. ჩვენ ვუთხარით, რომ არხის სიგნალის შეწყვეტისთვის არ იყო საჭირო ძალისმიერი მოქმედება და ამის განხორციელება შეიძლებოდა ისე, რომ არავინ დაზიანებულიყო. მე იქიდან ამავე ჯგუფმა გამომიყვანა უკან და მას მერე ირაკლი კოდუა აღარ მინახავს. ამის შემდეგ დაიწყეს თანამშრომლების ევაკუაცია. მე ვიყავი გაურკვეველ მდგომარეობაში, ფაქტობრივად ვიყავი ტყვეობაში, მაგრამ ოფიციალურად ჩემთვის არც ბრალდება, არც განცხადება არ ჰქონდათ წაკითხული. უკვე ქვედა მხრიდან ხალხი იყო შეკრებილი. მე, უშუალოდ არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემი თანამშრომლები ყვებოდნენ, რომ ბევრ მათგანას, რომლებიც ლუბლიანას ქუჩის მხრიდან გაუშვეს, მოხვდათ ხელკეტები. მე იქ ვიდექი და ამ მომენტში გამოჩდა ერთი პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არ შემიძლია და მითხრა: მოიცადე, ჩვენ ვარკვევთ თქვენს ბედს. შემდეგ მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ჩაგვიჯდა მანქანაში და გამოვედით „იმედიდან“. სანაპიროზე გადმოვიდა თვითონ და გვითხრა, რომ არც კი გვეფიქრა უკან დაბრუნება”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი