დიმიტრი გვრიტიშვილი - არასამთავრობოების და ჯანეზაშვილ-დოლიძის გამოხტომები უსინდისო მცდელობაა, შუღლი ჩამოაგდონ აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს მოსამართლეებს შორის

უკვე თვალშისაცემია, რომ სწორედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ კლანური პრინციპით", - აღნიშნული შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა გამოაქვეყნა.

როგორც გვრიტიშვილი წერს, არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას „თვალში ნაცარს აყრიან“ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მოსამართლეთა კორპუსმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გააკრიტიკა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რიგში ჩადგნენ არასამთავრობოები (განსაკუთრებით ეკა გიგაური და გიორგი მშვენიერაძე) და მათი მეგობრები, რუპორები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომ მორიგ ჯერზე შეაყარონ „თვალში ნაცარი“ საზოგადოებას, თითქოს ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გავაკრიტიკეთ. საუბარია დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშზე ჩვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.

ვინც კარგად მოგვისმინა გუშინ, ძალიან ადვილად მიხვდებოდა ჩვენი კრიტიკის ადრესატს.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ ანგარიში ძირითადად ეფუძნება ქართული „ობიექტური“, „მიუკერძოებელი“ არასამთავრობო ორგანიზაციების „კვლევებს“ და „ანგარიშებს“.

ანუ, დეპარტამენტი პრობლემად აღიქვამს თავად იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო სექტორი საუბრობს სისტემური პრობლემების არსებობაზე სასამართლოში.

ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-ის სამთავრობო უწყების სტატუსს და მადლიერებით ვაფასებთ აშშ-ის როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების დაცვის უწყვეტ პროცესში.

თუმცა, ეს არ გვიკრძალავს - აზრი გამოვთქვათ ანგარიშში ასახული ინფორმაციის წყაროზე და ეს არავინ უნდა აღიქვას შეურაცხყოფად, რადგან აზრის გამოხატვის თავისუფლება სწორედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა.

და ჩვენ შევაფასეთ სწორედ ეს წყარო - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც აბსოლუტურად პოლიტიზირებული და საკუთარ მანდატს გაცდენილი, მიკერძოებული სუბიექტები. უკვე თვალშისაცემია, რომ სწორედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ კლანური პრინციპით: აბა ბოლოს როდის გახსოვთ, რომ მათგან რომელიმე ორგანიზაციამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა? ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად წარმოდგენილია რამდენიმე ადამიანით, რომლებიც ყოველთვის ერთ აზრზე არიან და ერთ ხმაში საუბრობენ.

მეტიც: მათი ლექსიკა ერთი-ერთში ემთხვევა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლექსიკას!

ეს არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ყოველგვარ დადებით დინამიკას ჩქმალავენ; უგულებელყოფენ მსოფლიოში მე-3 ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია „Ipsos France“-ის კვლევას და სამაგიეროდ, უდავო მტკიცებულებით ძალას და კვლევის სტატუსს ანიჭებენ კაპიტანი გიგაურის მიერ დაქირავებული ოლიკო შერმადინის მიერ შედგენილი ჭორების კრებულს ვითომდა კორუფციის არსებობის თაობაზე, რომელიც 7 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება. ამ 7-დან 5 ადამიანი ინკოგნიტოა და განაწყენებული სასამართლოს დღევანდელი მენეჯმენტის მიმართ!

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ სასამართლო კორპუსის - 300-მდე მოსამართლის ნებას, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გვიწოდებენ „კლანს“, რადგან ამ კორპუსმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად გადმოგვცა წარმომადგენლობის მანდატი 2017 წელს. და როცა მოსამართლეებმა 2019 წლის 26 იანვრის კონფერენციაზე კვლავ დაგვიდასტურეს ამ მანდატის ლეგიტიმაცია, სულ „კომუნისტები“ ეძახეს მოქმედ მოსამართლეებს ჯანეზაშვილმა და მისმა მეგობარმა არასამთავრობოებმა!

და რაღა გასაკვირია, რომ ჩვენ გავაკრიტიკოთ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები და არ ვირწმუნოთ მათ მიერ გაცემული ინფორმაციის სისწორე?

ამიტომ, არასამთავრობოების და ჯანეზაშვილ-დოლიძის დღევანდელი გამოხტომებიც არის უსინდისო პროვოკაცია, მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე შუღლი ჩამოაგდონ აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს მოსამართლეებს შორის!

ვერ ეღირსებიან! ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“, - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი გვრიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა