გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - წყალმომარაგების სფეროში დამატებით 23 პროექტი განხორციელდება

ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს და ასევე მიმდინარე წელსაც განხორციელდეს დამატებით 23 პროექტი, - ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორმა ეკატერინე გალდავამ დღეს კომპანიის მიერ გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ 23 პროექტში იგულისხმება, როგორც პროექტის განხორცილება, ასევე სამშენებლო ნაწილი. ამასთან, სამი პროექტი საერთაშორისო ტენდერის პროცედურით, ხოლო დანარჩენი 20 კი საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელდება.

გალდავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მიდის მუშაობა სოფლების წყლით უწყვეტად მომარაგებაზე.

„იმ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით წყალი არ არის 24-საათიანი წყალმომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ვცდილობთ, რომ წყალი მოსახლეობამდე იქნას მიყვანილი. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ რიგში განვიხილოთ ტურისტული ზონები; აუცილებლად ვნახოთ ის დიდი სოფლები, სადაც ბევრი მოსახლეობა ცხოვრობს და ამასთან მოხდეს წყლის არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“,- განაცხადა გალდავამ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა კონკრეტული ლოკაციებიც დაასახელა. მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს მარნეულის გამწმენდ ნაგებობას, ბაკურიანის და მიტარბის ტერიტორიებს, მესტიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობებს. ასევე, ისეთი სოფლებს, როგორიცაა: აბასთუმანი, ხარაგაული, სურამი და კახეთის სოფლები, სადაც გარკვეული სამუშაოები დაწყებულია და მათი ბოლომდე მიყვანაა საჭირო.

ცნობისთვის, დღეს, სასტუმრო ,,რესპუბლიკაში“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივი კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართა. კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან - ზაზა სიხარულიძესთან და ირაკლი ურუშაძესთან ერთად კომპანიებს 2019 წელს დაგეგმილი ტენდერების ზოგადი დეტალები გააცნო. ასევე, ისაუბრეს მიმდინარე წლის დაგეგმილ, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საინფორმაციო და ღია ფორმატის შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს მისცემოდათ შესაძლებლობა ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას. კომპანიამ კონკურენტულ გარემოში უზრუნველყო ღია და თანაბარი პირობები, რათა სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს