„ჯითი ჯგუფი“ ავტობუსების ტენდერთან დაკავშირებით კონკრეტული კომპანიის ინტერესებზე საუბრობს

„ჯითი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე ავტობუსების ტენდერთან მიმართებაში მის კომპანიასთან დაკავშირებულ პრობლემას „თეგეტა მოტორსის“ ინტერესებს უკავშირებს.

„ჯითი ჯგუფი“, რომელიც ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მეორე ადგილზე გასული კომპანიაა, მიიჩნევს, რომ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიების: „გრავიტასა“ და „ინტერავტო თრეიდინგის“ უკან სწორედ „თეგეტა მოტორსი“ დგას.

ინფორმაციისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 79 მილიონი ლარის ღირებულების 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის 1-ელ ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ამ დრომდე ტენდერის რეალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის.

ლევან გოგსაძეს ეჭვი აქვს, რომ კომპანიამ „გრავიტამ“, რომელიც ყველაზე დაბალი ფასით იყო წარმოდგენილი, დოკუმენტაცია მიზანმიმართულად არ დააზუსტა, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მიეცა.

ამის შემდეგ მერიის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერში დარჩენილ 3 მონაწილეს შორის ყველაზე დაბალ, კერძოდ, საწყის ფასზე 15 მილიონი ლარით ნაკლებს, კომპანია, „ჯითი ჯგუფი“ სთავაზობდა. ლევან გოგსაძის თქმით, მისმა კომპანიამ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია დააზუსტა, თუმცა ტენდერში მონაწილე მესამე კომპანია „ინტერავტო თრეიდინგმა“ მათი მისამართით შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

გოგსაძე დავების საბჭოზე 4-ჯერ წარსდგა და სადავო საკითხთან, კონკრეტულად კი იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა „ჯითი ჯგუფის“ პარტნიორ კომპანია „ისუზუს“ 10 ერთეული ავტობუსის ანალოგიური მოდელის მიწოდების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში, „ჯითი ჯგუფის“ სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებები, საბაჟო, ექსპორტისა და ტრანზიტის დეკლარაციები წარადგინა.

„ველოდებოდით, რომ ამით დამთავრდებოდა და მოგვანიჭებდნენ გამარჯვებას, მაგრამ დავების საბჭომ უცნაური ოქმი გამოსცა და თქვა, რომ არ დგინდება 1-ელ ნოემბრამდე ასეთი გამოცდილების არსებობა. 1-ელ ნოემბერზე არ ყოფილა აქამდე საუბარი და უცნაური იყო ჩვენთვის დავების საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება“, - აცხადებს გოგსაძე.

დავების საბჭოს მიერ კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება „ჯითი ჯგუფმა“ გაასაჩივრა და საბოლოოდ ტენდერში დაბრუნდა, შესაბამისად, გოგსაძის შეფასებით, დასტურდება, რომ კომპანიის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო.

„ავტობუსების ტენდერის გაპრობლემება „თეგეტა მოტორსის“ ინტერესებს უკავშირდება. აღნიშნულ ტენდერში მონაწილე კომპანიების: „გრავიტასა“ და „ინტერავტო თრეიდინგის“ უკან სწორედ „თეგეტა მოტორსი“ დგას. ეს არის ურთიერთდაკავშირებული პირები, რომლებიც ბინძურ თამაშს თამაშობენ. ვნახეთ, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება, იგივე შესყიდვების სააგენტოს ტენდერებში. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ ბევრი ფაქტი, როცა ერთად შედიან ტენდერში და შემდეგ ერთ-ერთი კომპანია არ აზუსტებს დოკუმენტაციას და იგებს უფრო მაღალფასიანი. ერთი კურიოზული შემთხვევა ვნახეთ, როცა ერთ-ერთ ტენდერში „თეგეტას“ შეეშალა და ატვირთა „ინტერავტოს“ საბუთები. აქ გასაგებია, რომ ესენი თამაშობენ ერთ თამაშს“, -აცხადებს გოგსაძე.

„თეგეტა მოტორსში“ აღნიშნულ კომპანიებთან კავშირს არ ადასტურებენ. „თეგეტა მოტორსის “ პრესსამასახურში ამობენ, რომ „თეგეტას“ კომპანია „გრავიტასთან“ კავშირი არ აქვს, თუმცა კომპანიას საკონტაქტო ნომრად „თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური ნომერი აქვს მითითებული. რაც შეეხება კომპანია „ინტერავტოს“, „თეგეტა“ არც ამ კომპანიასთან კავშირს ადასტურებს, თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „თეგეტა მოტორსისა“ და „ინტერავტო თრეიდინგის“ მეწილეები ოჯახის წევრები არიან.

“რამდენადაც საქმის კურსში ვარ, არსებობს ნათესაური კავშირი დამფუძნებლებს შორის, მაგრამ ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ტენდერთან მიმართებაში, რადგან ტენდერში მონაწილეობს „ინტერავტო თრეიდინგი“ და მისი სერვის პარტნიორია „თეგეტა მოტორსი“. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამას ტენდერთან მიმართებაში,“ -აცხადებს „ინტერავტოს“ იურისტი ეკატერინე შანიძე.

„ინტერავტოს“ იურისტის თქმით, „ჯითი ჯგუფის“ მოთხოვნები უსაფუძვლოა და ისინი სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც „ჯითი ჯგუფის“ ტენდერში დაბრუნება დავების საბჭოში გაასაჩივრეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შესყივების სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ უწყებები არ გამოხმაურებიან „ჯითი ჯგუფის“ წერილს, რომლეშიც „თეგეტა მოტორსისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები იკვეთება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა