მაია ბითაძე - თბილისს  4.5 მილიონი კვადრატული მეტრი  რეკრეაციული ზონა შეემატა

„მწვანე ქალაქის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ქალაქს 4.5 მილიონი კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა შეემატა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიაზე საუბრისას განაცხადა. დოკუმენტი დღეს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა.

თბილისის მერიის ცნობით, მაია ბითაძემ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმა დედაქალაქისთვის უპრეცედენტო დოკუმენტია.

„ვფიქრობ, რომ ნამდვილად უპრეცედენტოა ის დოკუმენტი, რასაც დღეს განვიხილავთ. გენერალურ გეგმაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და პროცესში ჩართული იყო არა მხოლოდ „სითი ინსტიტუტი“, არამედ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც დარგობრივი მიმართულებით ამუშავებდა დოკუმენტს. როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ზონის ცვლილებაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქის სტრუქტურული ზონირება არის შეცვლილი და საუბარი არ არის მხოლოდ რეკრეაციაზე“, - განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, გენერალური გეგმის ძირითადი სამი მიმართულება - კომპაქტურობა, შეკავშირებულობა და მწვანე ქალაქის კონცეფცია ასახულია არა მხოლოდ ზონალობის, არამედ იმ პრინციპული მიმართულებებისა და თემატური რუკის ნაწილში, რაც დაეყრდნო იმ დოკუმენტს, რომელიც დღეს საკრებულომ განიხილა.

მერის მოადგილის განმარტებით, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ძირითადი მიმართულება გენერალური გეგმის, როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ნაწილშია ასახული და თემატური რუკის სახით არის წარმოდგენილი.

„დღეს გენერალური გეგმას პირველად, საქართველოს ისტორიაში ახლავს თემატური რუკა, რომლის მიღების საშუალებას სივრცითი მოწყობის კანონი მუდმივად იძლეოდა, რაც არასდროს არ კეთდებოდა. აქ ასახულია ყველა პარკი, შიდაკვარტალური გამწვანება, რომელსაც თავისი შინაარსისა და უფლებრივი ზონების მიუხედავად, გენგეგმის დონეზე დავიცავთ. „მწვანე ქალაქის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ქალაქს 4.5 მლნ კვ. მეტრი რეკრეაციული ზონა შეემატა, ასევე, 6 მილიონამდე ახალი არასამშენებლო ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამქრალი და მშენებლობის ნებართვები წლების განმავლობაში ისე გაიცემოდა, რომ გეოლოგიური დასკვნები არ არსებობდა“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, გენერალურ გეგმაში აისახა ისეთი ზონები და არეალები, რომელიც გამქრალი იყო.

„პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გენერალურ გეგმაში აისახა სანიტარიული დაცვის ზონები და ჰიდროლოგიური შეტბორვის არეალები, რაც გამქრალი იყო. ასევე, აისახა სასაფლაოების ზონირება, რაც გამქრალი იყო და სასაფლაოების მიღმა აშენებული იყო საცხოვრებელი კორპუსები. აბსოლუტურად, ხარისხობრივად შეცვლილია დამოკიდებულება გარემოსდაცვითი ღონისძიების მიმართ, რაც სწორ ურბანულ განვითარებას გულისხმობს და გენერალურ გეგმაშია ასახული. სამთვიანი კონსულტაციის შედეგად, გენერალური გეგმის ჯგუფთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს პოლიტიკურ ნებას, რომ გენერალური გეგმა აღსრულდეს და ინტენსივობის მატება შეიზღუდა მთელ ქალაქში“, - აღნიშნა ბითაძემ.

მერის მოადგილემ გენერალური გეგმის რუკაზე მომუშავე თითოეულ ადამიანს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და „სითი ინსტიტუტის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული დოკუმენტით სისტემური განვითარების საშუალებას მივცემთ ჩვენს ქალაქს. დღეს გაუფასურებული გვაქვს უბნები, სადაც არც საჯარო სივრცეა, არც მწვანე ტერიტორია და ადამიანებს სახლის წინ ამოფარებული აქვთ სახლები და ბინებს ვერ ყიდიან. გენერალური გეგმა სამომავლოდ სწორი სივრცითი განვითარებისთვის ახალ კარს გაგვიხსნის, სადაც კერძო და საჯარო ინტერესები თანაბარზომიერად უნდა იქნეს განვითარებული. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სხვადასხვა შეხედულებისა, თითოეული ადამიანი, ვინც ამ დოკუმენტის დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე წლის შემდეგ ბედნიერი იქნება“, - აღნიშნა ბითაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს