ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სენაკში იმყოფებოდა, სადაც გალში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს კვარაცხელიას გარდაცვალების რეალური გარემოება.

„ამისათვის, მოგეხსენებათ, ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახლა კომპლექსურ ექსპერტიზას ატარებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კითხვებს დაზუსტებით გაეცეს პასუხები. გამოძიებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს საკითხი, მიმდინარე კვირას, უკვე იყო თანათავმჯდომარეებთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი მომდევნო კვირას მოსკოვში იქნებიან და სწორედ რუსულ მხარესთან დააყენებენ საკითხებს, რაც ირაკლი კავარცხელიას გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ყველა იმ მასალისა და გარემოების აუცილებლად გაცნობის თაობაზე, რაც ხელთ უნდა გვქონდეს. მათ შორის, აფხაზური მხარის მიერ ნახსენები იყო კადრები, რომლებიც შეიძლება გამოძიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. არსებობს ისეთი ფორმატები, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, რაშიც ასეთი ტიპის მასალები იცვლება და ჩვენ გვქონია კიდეც პრეცედენტი, როდესაც ქართული მხარე გარკვეულ ვიდეოკადრებს გაცნობია. ველოდებით, რომ თანამშრომლობა ამაზე მაინც შედგება. ვფიქრობ, რომ ახლა ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მან გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

„თანათავმჯდომარეებმაც დააყენეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობა, რადგან ის წარმოადგენს სწორედ იმ ფორმატს, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა ინციდენტზე იქნეს რეაგირება. სწორედ ასეთ ფორმატში ხდება აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა. მათ შორის მასალების, მტკიცებულებების თუ გამოძიებისათვის საყურადღებო ნებისმიერი დეტალის. რა თქმა უნდა, ველოდებით რუსული მხარისაგან, იმიტომ რომ დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება რუსების მიერ უკანონოდ დაკავების პერიოდში, იზოლატორში მოხდა. დღემდე მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის შედეგად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დადგენა მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს გვერდში დავუდგეთ. მას პატარა ქალიშვილი ჰყავს. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ, რომ მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი,“ - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა