მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტების რექტორებთან განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განათლების რეფორმის ყველა მიმართულება, ამასთან, 2020 წელს დაგეგმილი საგამოცდო სიახლეები და მობილობის პროცედურები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა რექტორებს დეტალურად გააცნო პრემიერის მიერ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ფინანსური რესურსი გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„პრემიერის გადაწყვეტილებით იზრდება განათლების ბიუჯეტი, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ამან საშუალება მოგვცა, დაფინანსების ახალ მოდელზე გვეფიქრა, რომელიც განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საკითხის დამუშავების პროცესში, შესაბამისად, აქტიურად ვგეგმავთ თქვენთან ერთად მუშაობას“, - განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი საგამოცდო მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიურად გაგრძელდება.

„მინისტრის მიერ რექტორებთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს უნივერსისტეტის ხელმძღვანელებმა. მათ აღნიშნეს, რომ რეფორმის დანერგვამდე უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობა მისასალმებელია, რადგან ერთობლივი მუშაობით მოხდება საბოლოოდ ოპტიმალურ მოდელზე შეჯერება. მათივე თქმით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან იგი არის სისტემური, თანმიმდევრული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს