ზაზა ვაშაყმაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე - კანონპროექტის ზუსტ ფორმულირებას არ ვიცნობ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას მხოლოდ მართმადიდებელი სასულიერო პირებისთვის იძლევა, არ იცნობს. ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მე არ ვიყავი საქართველოში, გუშინ ჩამოვედი და არ ვიცნობ კანონპროექტის ზუსტ ფორმულირებას, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ თემაზე", -განაცხადა ვაშაყმაძემ. მისივე თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ირაკლი სესიაშვილთან და სხდომის დასრულების შემდეგ რელიგიური კომფესიების წარმომადგენლები და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები შეხვედებიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე შეხვედრას, ვაშაყმაძის ინფორმაციით, განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა სამშენებლო, საკადასტრო, ჯარში გაწვევა და რელიგიის სწავლება. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე იგულისხმება თუ არა რელიიგის სწავლებაში სკოლებში რელიგიის საგნად შეტანა, ვაშაყმაძემ შემდეგი პასუხი გასცა: "ნელ-ნელა მივდივართ გადაწყვეტილებისკენ და პოზიციის ჩამოყალიბებისკენ".

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა მოამზადა. პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს