მამუკა ბახტაძე - მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება

სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქში, იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, სადაც საშუალება იქნება, გაკვეთილები ევროპული სტანდარტით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას და აქედან გამომდინარე, სკოლებს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სასკოლო კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს. .

„ჩვენი მიზანია, 7 მილიარდი შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს სკოლებისთვის და აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულის რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. შესაბამისად, გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ პირველი რესპუბლიკის თაობის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ 2 წლის განმავლობაში საქართველოში 1200 სკოლა გაიხსნა

“ვფიქრობ, ამ თაობამ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, საოცარი შედეგები ჰქონდათ. პირველი რესპუბლიკის პერიოდში 2 წლის განმავლობაში 1200 სკოლა გაიხსნა, რაც უნიკალური შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის, რისი გაკეთებაც გვსურს ჩვენ, იყო ამავდროულად ჩვენი წინაპრების ხედვა, ასე წარმოედგინათ მათ საქართველოს როლი და ადგილი ევროპულ და, ზოგადად, მსოფლიო საზოგადოებაში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი