მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს

ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ამ კონტექსტში, მაია ცქიტიშვილმა ფოთის პორტზე ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დავიწყეთ, იმ დროისთვის ფოთის პორტიც არსებობდა და ბათუმის პორტიც. ამის თაობაზე იცოდა, მათ შორის ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და იმ 12-მა კომპანიამ, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის. ამდენად ეს არავისთვის სიახლე არ იყო.

მეტსაც გეტყვით, რომ ფოთის პორტი მთელი ამ წლების განმავლობაში აცხადებს გეგმებს გაფართოების თაობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ მათ რეალიზებას ვერ ვხედავთ. მე თუ არ ვცდები, ფოთის და ბათუმის პორტის პრივატიზება სწორედ წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა. შესაბამისად, ძალიან კარგად იცით, რომ ხელშეკრულებებში არ არის არცერთი პირობა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას რაიმე სახით შეზღუდოს ან ბათუმის, ან ფოთის პორტის განვითარება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოგვმართა თხოვნით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის მიგვენიჭებინა ექსკლუზიურობა, ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე ვთქვით უარი.

დღეს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მისი დამფუძნებლებიდან გვესმის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის გარშემო რაც ხდება, ხდება იმის გამო, რომ ფოთის პორტს, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, ან ვინმე სხვას სურს გაფართოება, ეს არის ძალიან არაპასუხისმგებლიანი განცხადებები და სპეკულაცია.

მჯერა, რომ არც თქვენ იქნებით მომხრე, რომ ერთი ინვესტორის სასარგებლოდ სხვა ინვესტორის და სხვა კერძო ოპერატორის უფლებები შეიზღუდოს. ამის უფლებას არცერთი საერთაშორისო შეთანხმება არ გვაძლევს ჩვენ.

ამ საკითხის და ანაკლიის განვითარების საკითხის მიბმას ფოთის პორტთან მხოლოდ პოლიტიკური მიზანი აქვს და არანაირი სხვა შინაარსი არ დევს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს