გიორგი ვოლსკი - იმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, რომ ცხადია, ოპოზიცია მის გადაფარვას ეცდებოდით

იმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, რომ ცხადია, ოპოზიცია მის გადაფარვას ეცდებოდით , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პრემიერ-მინისტრის მიერ განათლების სისტემის მიმართ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადაიფაროს რაც მნიშვნელოვანია.

„იმდენად დიდია, იმდენად მასშტაბურია და იმდენად პროფესიონალურად სწორად არის ჩამოყალიბებული ეს რეფორმა, რაზედაც სულ ახლახანს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ მე არც მოველოდი სხვანაირი დაძაბულობისა და სხვა ტემპის განხილვას ამ საკითხზე. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადაიფაროს რაც მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან თუ როგორ იზრდება ხელფასები, როგორ მატულობს მშობელთა, მასწავლებელთა და თუნდაც მოსწავლეთა ჩართულობით საბჭოების როლი და მთელი რიგი საკითხები, რომელიც დიფერენციაციას ახდენს, მათ შორის ანაზღაურების სფეროში ჩვენს სკოლებში, სადაც შეიძლება მხოლოდ ერთი მოწაფე იყოს. მაგრამ მადლობის სათქმელად თავდადებული პედაგოგები, რასაკვირველია, ყველას ავიწყდება იმ დროს, როდესაც კამათი მიდის ასეთ პოლიტიკურ ფორმატში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი ვოლსკის თქმით, მსჯელობა და განხილვები კვლავაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დისკუსია საკითხის პოლიტიზირების გარეშე უნდა წარიმართოს, რადგან ტელეობიექტივების წინ მნიშვნელოვანი საკითხები საქმიან ნიშას კარგავენ.

„მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს რა თემაც შემოთავაზებულია, თუმცა ყველაფრის გაპოლიტიზირება არ შეიძლება. არის საკითხები რაც კონცეპტუალურად განსხვავდება და სწორედ ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი ჩვენთვის ყველასთვის მისაღები, სწორი და აუცილებელია. არის საკითხები რაზეც ჩვენ უფრო სიღრმისეულად უნდა ჩავიდეთ. გაცილებით მეტი უნდა ვილაპარაკოთ რეალურ და მასშტაბურ, თუნდაც ფინანსური განზომილების რეფორმებზე, რომელიც წინ გვაქვს და იქ ჩავიდეთ დეტალებში. შეკითხვები კარგია, შესაბამისი პასუხებიც, მაგრამ ამ ფორმატში შეკრება, განსაკუთრებით ტელეობიექტივების წინ საერთოდ ეს ყველაფერი საქმიან ნიშას ყველანაირად კარგავს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკიმ პედაგოგებთან მიდგომის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს საკითხი რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ძირფესვიანად გამოსწორდეს.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა პედაგოგის ანაზღაურების გაზრდის თემა. პედაგოგებთან მიდგომის საკითხი ალბათ რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ძირფესვიანად უნდა გამოსწორდეს. ეს არ არის მარტო რვა ან ცხრა წლის პრობლემა, რომელიც ჩვენს განათლების სისტემას ახასიათებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს