აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები და მოკვლევა არ დასრულდება, არც ერთ უწყებას უფლება არა აქვს ექიმს საქმიანობა შეუწყვიტოს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.

„ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები და მოკვლევა არ დასრულდება, არც ერთ უწყებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვას, უფლება არა აქვს, ექიმს საქმიანობა შეუწყვიტოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაალ მიქელაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ექიმმა ეკა ფუტკარაძემ საქმიანობა საკუთარი განცხადების საფუძველზე შეწყვიტა თუ არა.

ამასთან, ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ახლობლებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს, რომელიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდა, საქმიანობა შეუწყდა. სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა დაშლა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა