მამუკა ხაზარაძე - როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, ასევე სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება

დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ მე სახელმწიფო ვარ, მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ რადგან ჩემზე პატარა ხარ, არ შეგიძლია ისაუბრო, - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესში როგორც სახელმწიფოს, ასევე კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გადავადებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია და არავის ეს ჯარიმა არ უპატიებია. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტური მიზეზები და ეს არ იყო ჩვენს გამო გამოწვეული. ეს იყო უამრავი მიზეზის გამო გამოწვეული. ასეთი პროექტი ქაღალდზე რომ იწერება, არ ნიშნავს, რომ რეალურად მასე გადავა, იმიტომ, რომ უამრავ რამეზეა დამოკიდებული. ამავე დროს როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, ასევე სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება. ეს შეგვიძლია დოკუმენტურად გაჩვენოთ. დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ მე სახელმწიფო ვარ, შენ ჩემზე პატარა ხარ და შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია ისაუბრო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემისთვის „ფორბსის კვირა“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის არასდროს ყოფილა პრივილეგილებული ბიზნესმენი მისი საქმიანობის განმავლობაში.

„მე ვსაუბრობ მთელი პასუხისმგებლობით, რომ ჩემი 30 წლიანი ბიზნესის განმავლობაში, ვერ ნახავთ ვერც ერთ კონტრაქტს, რომელიც ჩვენ პირდაპირი წესით მოგვეყიდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო