ადვოკატი - იმედს ვიტოვებ, ვერდიქტი ობიექტური იქნება და მალხაზ კობაურის ბრალეულობა არ დადასტურდება

იმედს ვიტოვებ, ვერდიქტი ობიექტური იქნება და მალხაზ კობაურის ბრალეულობა არ დადასტურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

როგორც კობაიძე განმარტავს, ბრალდების მხარეს საქმეში საკმარისი ტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

"დღეს დასკვნით სიტყვას ვიტყვით, როგორც ჩვენ, ასევე ბრალდების მხარე. ამის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს მიეცემათ შესაძლებლობა, ვერდიქტი გამოიტანონ. ჩვენს დასკვნით სიტყვაში გავამახვილებთ ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერსია, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის დონეზე რჩება. ობიექტური ჭეშმარიტებისთვის საჭირო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მხოლოდ ვერსიის დონეზე ამახვილებს ბრალდების მხარე ყურადღებას. იმედს ვიტოვებ, ვერდიქტი ობიექტური იქნება და მალხაზ კობაურის ბრალეულობა არ დადასტურდება", - განაცხადა კობაიძემ.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვა იწყება.

სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად დღესვე გავლენ.

გორის რაიონულ სასამართლოში იმყოფებიან კობაურის ოჯახის წევრები.

სასამართლო სხდომას დაესწრება ამერიკის კონსული საქართველოში ჯენეთ რებერი.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს