ირაკლი კობახიძე - გვინდა, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ

პარლამენტს იმიჯის კუთხით სერიოზული სირთულეები ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამბიციაა, პარლამენტმა მოწინავე ადგილი დაიკავოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის.

„როდესაც შევუდექით მუშაობას, პარლამენტი კვლევების თანახმად ბოლო ადგილზე იყო ნდობის თვალსაზრისით და პარლამენტს უსწრებდა პოლიტიკური პარტიებიც კი, რაც არის ანომალიური მოვლენა ნებისმიერ ქვეყანაში. დღეს პარლამენტი იკავებს საშუალო პოზიციას, რაც არის ნორმალური მოვლენა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია - გვინდა, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის და დარწმუნებული ვართ, რომ თანდათანობით, მიზანმიმართული მუშაობით საბოლოოდ ამ მიზანსაც მივაღწევთ. ამის მთავარი წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება, ეფექტიანი ფუნქციონირება და ამის შესანიშნავ, საკანონმდებლო საფუძველს ქმნის, რა თქმა უნდა, ახალი რეგლამენტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ასი დღე არის დასტური იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ჩვენი რეგლამენტის რეფორმა და რამდენად წარმატებით მიიწევს წინ პარლამენტი საკუთარი მიზნების განხორციელებისაკენ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე - სპიკერ თამარ ჩუგოშვილს, თითოეულ პარლამენტარს, რომლებიც ჩართული იყვნენ საკანონმდებლო საქმიანობაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„რომ არა მათი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვოთ, გადავაბაროთ, როგორც მემკვიდრეობა, ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტი. თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმასთან ერთად რეგლამენტის რეფორმა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა აისახოს პარლამენტის იმიჯზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს