მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური მუშაკების აქცია განახლდა. სოციალური სამსახურის თანამშრომლები მეორე დღეა მოითხოვენ დაუყოვნებლივ შესრულდეს მათი მოთხოვნების ის ნაწილი, რაც ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას და კადრების დამატებას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები აქციის გაგრძელებას გეგმავენ.
„დღეს სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ შევიკრიბეთ, ჩვენი გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ ვიცი, სიახლედ რამდენად ჩავთვლით იმას, რომ მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ სისტემაში ნამდვილად არის პრობლემები და ნამდვილად არის კრიზისი, ასევე აღიარა ისიც, რომ გაფიცვა ვერ გახდება სოცმუშაკის გათავისუფლების საფუძველი, რადგან ქვეყანაში კადრების დეფიციტია. სხვა არავინ გამოგვხმაურებია“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა "სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის" სოფო ღვთისიაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი ითხოვენ 22 პუნქტიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა ამ ეტაპზე რათა გაფიცვა შეწყდეს დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს 6 პუნქტი. კერძოდ, ეს არის: კადრების დამატება, ფსიქოლოგების და იურისტების დამატება სერვის ცენტრებში, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება და ხელფასების ზრდა.