სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ პროგრამაში ჩართულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისთვის, მიმდინარე წლის, ბიუჯეტიდან 2 090 000 ლარი გამოიყო.

„მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31 სახელმწიფო და კერძო აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 43 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ბარმენი, გიდი, ექთნის თანაშემწე, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და სხვ.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წელსაც ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპის რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 15 აპრილს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ“, - აღნიშნულია სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2018 წელს, პროფესიული სასწავლო კურსები წარმატებით 2574-მა ბენეფიციარმა დაასრულა. სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში კი, სააგენტოს ხელშეწყობით 1888 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 99 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ