ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია

დღეს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების განხილვა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხებოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიერ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილის შესრულება მიმდინარეობს.

„რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. არ ყოფილა ისეთი საკითხი რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა გვქონდა. არის რაღაც წვრილმანი საკითხები, რომელიც ახლაც მიმდინარე ფაზაშია, თუმცა, ძირითადი რეკომენდაციები არის შესრულებული. იყო რეკომენდაციები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შესრულებულია. არაერთი ახალი იზოლატორი გავხსენით და გავარემონტეთ. თითოეულ დაკავებულზე 4 კვადრატული მეტრის მოთხოვნა, რომელიც ასევე წამების ევროპული კომიტეტის მოთხოვნაც იყო, ეს ნაწილიც შესრულებულია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეკომენდაციები ამ მიმართულებით უკვე შესრულებულია.

„იყო ცალკეული რეკომენდაციები ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციად გამოვყოფდი სტატისტიკური მონაცემების წარმოების გაუმჯობესებას, რაც გაუმჯობესებულია. იგულისხმება 112-ში შემოსული შეტყობინებები ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იყო - ეს საკითხი მოვაგვარეთ. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე, რისკის შეფასების ინსტრუმენტის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, ოჯახში ძალადობის საქმეებზე და ეს რეკომენდაციაც უკვე შესრულებულია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს პროგრესი აქვს.

,,დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე იყო რეკომენდაცია და ყველამ კარგად იცის, აქ რამხელა პროგრესი გვაქვს. სამჯერ არის გაზრდილი მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები, 150-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული“.

ასევე, კამერებთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები რომლებიც ასევე შესრულებულია, ეს არ იყო მხოლოდ სახალხო დამცველის რეკომენდაცია. როდესაც ჩვენ მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირველი რაც ვთქვით, რომ კამერებით უნდა მოგვეხდინა პოლიციის დაწესებულებების აღჭურვა. დეპარტამენტებში, განყოფილებებში, სამმართველოებში კამერები დამონტაჟებულია,ფუნქციონირებს.

ახალი სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები.

მინისტრის მოადგილის თქმით, არის რაღაც რეკომენდაციები, რომელიც ნაწილობრივ არის შესრულებული, რადგან მიმდინარე პროცესშია.

,,მაგალითად, იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა. ბუნებრივია 29-ვე იზოლატორში ერთ თვეში ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ნაწილში უკვე გახსნილია, ნაწილში -მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს