ელენე ხოშტარია - ჩვენ თუ უბრალოდ გვინდა გადავაგოროთ ეს მოსმენები, წინ ვერ წავალთ

თავს ვერ მოვიტყუებ, ეს არ არის ის მსჯელობა და მოსმენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მინდა რომ იყოს თავისი შინაარსით და სიმწვავით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია დარღვეული და ომბუდსმენის ანგარიშში არ მოხვდა შესაძლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 72 საქმე.

„ბირჟა მაფიას“ საქმე საერთოდ არ მოხვდა ანგარიშში, ისევე როგორც მუხთარლის, ისევე როგორც რატიანის. მაჩალიკაშვილის საქმე მოხვდა, მაგრამ მერე რა?! - არანაირი პასუხი არ არის. ეს არის სისტემური პრობლემა. ახლაც იტანჯება ხალხი: მაჩალიკაშვილი იტანჯება, სარალიძე იტანჯება, მუხთარლის საქმეზე პასუხები არ არის, რატიანი შეურაცხყოფილია და აი ამ ყველაფერს თითქოს ყველა შევეგუეთ. ვამბობთ უბრალოდ: გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველს და მისი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს უსმენენ.

ელენე ხოშტარიამ კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესაც მიმართა და გაახსენა, რომ მუხთარლის საქმეზე ის კონკრეტულ ვადებს ასახელებდა საქმის გამოძიებისთვის, თუმცა საქმე აქამდე არ არის გამოძიებული.

„ქალბატონო სოფო, მინდა გაგახსენოთ, მუხთალის საქმეზე თქვენ კონკრეტული თარიღებიც კი მიუთითეთ, რომ დაველოდოთ გამოძიებასო და თუ არ იქნება გამოძიებული, მოვითხოვოთ პასუხებიო. რას ვაკეთებთ ახლა?! არ მაქვს ილუზია, რომ რამე ვიკითხო მუხთარლის საქმეზე და პასუხი მივიღო კითხვაზე რა ხდება - არაფერიც არ ხდება, თავს თუ მოვიტყუებთ მხოლოდ“,- განაცხადა ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, იგი ქედს იხრის პოლიციელის მუნდირის წინაშე, თუმცა აცხადებს, რომ საზოგადოებაში უნდა მოხდეს გამიჯვნა კეთილსინდისერი და მოძალადე სამართალდამცველების.

„ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც აირჩიეს გიორგი გახარია შს მინისტრად. მე მას ტაში დავუკარი სრულიად გულწრფელად, იმიტომ, რომ მან ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენ კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად გვჭირდება ადამიანის უფლებათა დაცვაო. ამის მოსმენაც კი შს მინისტრისგან ჩვენი ტრადიციის მქონე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვუთხარი რომ „ბირჟა მაფიის“ საქმე იქნებოდა მისთვის ტესტი. ეს საქმე მას დახვდა მაგიდაზე. საქმე გადაიბარა წყნარად და მერე არაფერი საერთოდ. ან ზვიად რატიანს როგორც მოექცნენ?! ომბუდსმენის რეკომენდაციებშიც წერია, რომ სერიოზული ხარვეზია საქმეში, მარტო პოლიციელების დაკითხვით შექმნეს სურათი. ადამიანი საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. რატომ უნდა ხდებოდეს ასე?! ამ დროს კი ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ პოლიციელის მუნდირის დაცვაზე. ქედს ვიხრი ყველა პოლიციელის მუნდირის წინაშე, ამაზე უნდა იდგას ჩვენი ქვეყანა, მაგრამ როგორ ვერ მოვახერხეთ გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელი იმისგან, ვინც მართლა ემსახურება მოქალაქეებს. ჩვენ თუ უბრალოდ გვინდა გადავაგოროთ ეს მოსმენები, წინ ვერ წავალთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი