საია - ხშირად ძალადობის მსხვერპლს უწევს სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგან კონკრეტულ ქალაქში თავისუფალი ადგილი არ არის

საია-მ „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხების“ თაობაზე კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

საია-ს კვლევის მიხედვით, სახელმწიფომ მსგავს საქმეებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, თუმცა კვლავაც იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები და გამოწვევები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

"ძალადობის მსხვერპლთან ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ძალადობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის მოძალადეთა მხრიდან მსხვერპლის ქცევის კონტროლის სურვილი, მოძალადეების ნებასთან შეუსაბამო მოქმედება და ოჯახში არსებული დაქვემდებარებული და სტერეოტიპული როლები;

საია-ს წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ როდესაც ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ დაექვემდებარა ძალადობას, იკვეთება პოლიციის მხრიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების პრობლემა. მსგავს შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მიმართ, რაც მიუთითებს პოლიციის მიერ მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევის სირთულეზე;

შსს-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება გამოწვევაა, როდესაც მსხვერპლი თავს იკავებს ძალადობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისგან ან/და აქვს გამოძიების დაწყებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;

ინტერვიუებმა გამოკვეთა, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის მიზნით, არ ტარდებოდა პროაქტიული ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან. ორდერის პირობების დარღვევის გამოვლენა უმეტესად მსხვერპლის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. მართალია, 2018 წლიდან შსს-ში დაინერგა ორდერების მონიტორინგის მექანიზმი, თუმცა, საია-ს მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული მექანიზმი;

2017 წლის პერიოდში შესწავლილი 102 გადაწყვეტილებიდან, პროკურატურის მხრიდან მხოლოდ 2(2%) შემთხვევაში იყო გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. რაც შეეხება 2018 წელს, შესწავლილი 131 გადაწყვეტილებიდან 3(2%) შემთხვევაში მოხდა დისკრიმინაციული მოტივი გამოკვეთა ბრალდების მხარის მიერ; სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა არ გამოყენებულა;

განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახური დანაშაულების ჩადენისას, ძირითადად, განაჩენი დგება ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. დადებითად აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით გაზრდილია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება;

სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, 2017 წელს შესწავლილი 54 განჩინებიდან 12 (22%) შემთხვევაში მოითხოვა პროკურატურამ გირაო, ხოლო 2018 წელს პროკურატურამ 77 საქმიდან მხოლოდ 4 (5%) შემთხვევაში მოითხოვა გირაო;

ინტერვიუებმა და გამოთხოვილმა საჯარო ინფორმაციამ ცხადყო, რომ გამოწვევაა ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრით ეფექტურად სარგებლობა. რიგ შემთხვევაში, მსხვერპლებს უწევთ სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგანაც კონკრეტულ ქალაქში არ არის თავისუფალი ადგილი. ცალკეულ შემთხვევებში მსხვერპლთათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც დროებით, სამსახურის ან/და არასრულწლოვანი შვილების ყოლის გამო შეუძლებელია", - აღნიშნულია კვლევაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა