ქეთევან ციხელაშვილი - ევროპარლამენტისგან ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ  მყარი მხარდაჭერა გვაქვს

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.სხდომაზე, სადაც ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე, მიღწეულ პროგრესსა და რეფორმებზე მსჯელობენ, სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტისაგან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ ძალიან მყარი მხარდაჭერა არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მისი ყველა ინსტიტუტი ჩართული და სრულად ინფორმირებული იყოს.

„მართლაც გამორჩეული იყო ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 2018 წლის 14 ივნისს მიიღო, 10 წლის თავზე რუსული აგრესიიდან. რეზოლუციაში ცალსახად ითქვა და დღეს კომიტეტში ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ კონფლიქტი არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა და შესაბამისად, მისი გადაჭრა ევროპული კონტინენტისათვის პრიორიტეტული ამოცანაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივის მიმართ მან დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა მხარდამჭერი გზავნილები.

„დღეს მე კიდევ ერთხელ მოვისმინე მხარდამჭერი გზავნილები სამშვიდობო ინიციატივის მიმართ - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა მისი იმპლემენტაციის ფაზაში იგი უკვე კონკრეტულ საქმიანობაში გადაითარგმნოს. ახლა ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ ინსტრუმენტებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში, უკანონო პატიმრობისას გარდაცვალება იყო. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები, ისევე, როგორც ევროკომისიისა და საგარეო ოფისის წარმომადგენლები, რუსეთს მოუწოდებენ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მასალა და ინფორმაცია იყოს მოწოდებული, მათ შორის, ისეთი ფორმატის გამოყენებით, როგორიც გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის მექანიზმია.

„გარდა კონკრეტულ ტრაგიკულ ინციდენტებზე რეაგირებისა, ცხადია, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები შეწყდეს. ამისათვის კი კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო ძალისხმევა, ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომი და მზარდი გამოწვევები, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას აწუხებს. ისეთ დარღვევებს აღარ ჰქონდეს ადგილი, როგორიც ადამიანების დაკავება, მიმოსვლის შეზღუდვა და ადამიანებს შორის კონტაქტების ხელოვნური შეწყვეტაა. ადამიანებს შორის კონტაქტი იზრდება, რაც სამშვიდობო პოლიტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამას, სამწუხაროდ, ხელოვნურად ეშლება ხელი. ჩვენი ამოცანაა სამშვიდობო გზებით გავაორმაგოთ ძალისხმევა, რაც ადამიანებს ერთმანეთისაკენ გზების მოძებნასა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობაში დაეხმარება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა