ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომიტეტის თანათავმჯდომარეების თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის შემდეგ, კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოში კონფლიქტის გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლზე.

მინისტრის მოადგილემ, ასევე მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარეობს და რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ქვეყანაში რამდენიმე გზატკეცილის გაყვანას და სხვა პროექტებს მოიცავს. ამ მხრივ აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის სფეროში სტრატეგიული დიალოგის დაწყებაც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვახტანგ მახარობლიშვილმა, ასევე ისაუბრა თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რათა წინააღმდეგობა არ შეექმნას საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მიღწევას, როგორც ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაა. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის ნოემბერში ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველი რეზოლუცია და ასევე გასული წლის ივნისში საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლის დაარსება, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ევროკავშირის გარეთ პირველი ევროპული სკოლაა, რაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საგზაო რუკის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებსა და ინსტრუმენტებს უყრის თავს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რაც ორივე მხარეს შორის ინტერესების თანხვედრის შედეგია.

შეხვედრის დასასრულს ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპარლამენტარები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი