ბექა ნაცვლიშვილი - ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოააშკარავა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და უსუსურობა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართ

„მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ,“ - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალებას.

როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„მინდა მივუსამძიმრო ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქლაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო, თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას.

ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა, თუ უწყების დაუდევრობის, არამედ, უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს. გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება, როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა და ახლა ეს საკითხი არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ყველამ უნდა იბრძოლოს.

„ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია, ვერ შეცვლის.

გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე.

სწორედ, ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი, მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე