„ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოადგილე - ნარკოტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი

ნარკოტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი, - ამის შესახებ ,,ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ გური მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ ნარკოტესტების ეფექტურობასა და ზოგად პროცედურებზე, რომლითაც მძღოლები ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმდებიან.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მხოლოდ ნერწყვის ტესტით პიროვნების დასჯა არ მოხდება, ტექსტი ერთგვარი სელექციაა იმის, თუ ვინ უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკური ზემოქმედების დასადგენად სპეციალურ დაწესებულებაში.

„ბუნებრივია, საგზაო უსაფრთხოება არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ინდივიდუალურ ჭრილში, ეს არ არის მხოლოდ მძღოლის უსაფრთხოება. მე როგორც ნარკოლოგი, ვიტყვი, რომ მნიშვნელობა არა აქვს ადამიანი რისი თრობის ქვეშ იმყოფება. ამგვარი ნარკოტესტირება, აღნიშნული ტესტები, რომლებიც ამ ეტაპზე შემოტანილი აქვს შსს-ს, პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სელექციური ნაწილი, ანუ, მხოლოდ ნერწყვის ტესტის მეშვეობით არ ხორციელდება პიროვნების უშუალო დასჯა, ეს არის სელექცია, ვინ გადაიყვანონ შემდგომ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად. აქ მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, რომ რამდენი საათის წინ მოიხმარა და მის ორგანიზმში არის თუ არა, არამედ იმას, არის თუ არა პირი ზემოქმედების ქვეშ, ანუ, თრობის ქვეშ. ტესტი 1-დან 8 საათის განმავლობაში მოხმარებას ადგენს, მაგრამ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ პირი იმ წუთიდან იქნება დასჯილი, არა! შემდეგ ის გადაჰყავთ შესაბამის ექიმ-ნარკოლოგთან, რომელიც შეაფასებს მის კლინიკურ მდგომარეობას. კლინიკური შეფასება არ არის დამყარებული მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებზე, აუცილებლად ცალკე აღებული ინდივიდი უნდა იყოს გამოკვლეული, როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე უნდა იყოს შესწავლილი მისი ფიზიკური, ფსიქიკური და ნერვოლოგიური მდგომარეობა” - განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი