ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„ფორე მოსულიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. შემდეგი ეტაპი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება კი დაახლოებით, 672 400 ლარია.

მერიის ინფორმაციით, მოსულიშვილის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე იმყოფებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს