თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.
23 ბავშვიდან 13 აღსაზრდელი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული, 10 კი თელავის რეფერალურ კლინიკაში. ექიმების თქმით, ყველა მათგანს უკვე ჩაუტარდა განმეორებითი გამოკვლევა და მდგომარეობა დადებითია.
„მთელი ღამის განმავლობაში ბავშვები ექიმების დაკვირვების ქვეშ იყვნენ. არც ერთს გართულება არ ჰქონია. დღეს დილით ჩაუტარდათ განმეორებითი გამოკვლევა, გაკეთდა ანალიზები და მდგომარეობა დადებითია. ვფიქრობ, დღის პირველ ნახევარში ყველა ბავშვი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, თამილა თეიმურაზიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ გუშინ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 23 აღსაზრდელი ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. აღებულია შესაბამისი სინჯები და მიმდინარეობს გამოკვლევა.