პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი პარლამენტს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განსაზღვრას სთხოვს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობის საკითხზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა მიმართა.

დამოუკიდებელი კანდიდატის აზრით, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად.

სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ ამ სფეროში მხოლოდ ფონდების იმედზე არ უნდა ვიყოთ და საჭირო ფინანსური რესურსის მოსაზიდად, ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

დამოუკიდებელი კანდიდატი მიიჩნევს რომ, დასახვეწია კანონმდებლობა. დეტალურად უნდა გაიწეროს პასუხისმგებელ პირთა უფლებამოსილება და მოვალეობა. დაუშვებელია, კულტურული მემკვიდრეობის მომვლელი და მაკონტროლებელი იყოს ერთი და იგივე უწყება.

კანდიდატი მაგალითად ასახელებს იტალიაში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს, რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს, უფლება ენიჭება თავად გადაწყვიტოს გადასახადიდან მცირე პროცენტის (1%-მდე), მიზნობრიობა. ერთ-ერთ მიზნობრივ სფეროს კი, სწორედ, კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს.

ხორგუანი ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მოუწოდებს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობითა და მათთან კონსულტაციებით, საქართველოში მსგავსი ტიპის შესაძლებლობებზე დაიწყოს მუშაობა. კანდიდატის აზრით, თუ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, საშემოსავლო გადასახადიდან ერთ პროცენტს (რაც გასული წლის მონაცემებით, საშუალოდ 28.5 მლნ ლარია) გარანტირებულად მივმართავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისათვის, თავიდან ავიცილებთ შეუქცევად ზიანს და ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებს.

დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებაში ნათქვამია, რომ საშემოსავლო გადასახადიდან 1% მიზნობრივად უნდა მიიმართოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა/რეაბილიტაციისათვის, ხოლო მომდევნო 1%-ზე მოქალაქემ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რას მოხმარდება ეს თანხა, იქნება ეს გარემოს დაცვა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, სოციალურად დაუცველები, კულტურული მემკვიდრეობა თუ ასე შემდეგ.

სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის, რომელიც მისი სურვილის გათვალისწინებით, თანხების განკარგვის საქმეში მიიღებს მონაწილეობას, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.

,,ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი. ახალი რეგლამენტით შესაძლებელია, თემატური ჯგუფის შექმნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვროს ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა უნდა იყოს გასაგები, მისაღები და შედეგზე ორიენტირებული, რომელიც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.”

დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, 2 აპრილს საქართველოს მთავრობასაც მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა