სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლებას მიმართავს, ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა ნეშტებს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდეს

სრულიად საქართველოს მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, ბათუმში აღმოჩენილ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ნეშტებს დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდეს.

მისი თქმით, აღნიშნული სამარხის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ გაიგო და მანამდე ასეთი სამარხის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც თავისი გვარისა და წინაპრის ცუდი მდგომარეობა კიდევ ერთხელ, ახლა გაიგო, არამარტო მუსლიმ მრევლს, არამედ ყველა სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანს, ვინც ახლობელი ასეთი ცუდი ფორმით დაკარგა.

მრევლთაგან ბევრი მათგანი იყო ჩვენთან მოსული და სურდათ, რომ ჩართულები ვყოფილიყავით ამ საკითხში, მუსლიმთა სამმართველოს ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ყველა მათგანი. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, ბევრმა ითხოვა, რომ ნეშტებს ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი. ახლობლებს სურთ, ნათესავების ვინაობა გაიგონ, თუ რომელი მიცვალებულია მათი. ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, რომ თუ შესაძლებლობა იქნება, ეს ანალიზი ჩატარდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყველა ეჭვობს, ის ადამიანები არიან თუ არა მათი წინაპრები. ანალიზის ჩატარების შემთხვევაში კი ეს ეჭვი ადამიანებს მოეხსნებათ ", - განაცხადა მუფთმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიმართ ორი მოთხოვნა აქვთ, რომელიც ნეშტების გადასვენებას და დამახვას ეხება.

„სახელობით სიაში ძალიან ბევრი სულიერი წინამძღვარია მუსლიმებიდან. როგორც იცით, კომუნისტებს არ ჰქონდათ მიდგომა, რომ როდესაც დახვრეტდნენ, ნეშტები ცალ-ცალკე დაემარხათ. შესაბამისად, ყველა ერთ სამარხშია და ამის გამო თუ გართულდა ვინაობის დადგენა და დნმ-ს ანალიზის ჩატარება, კარგი იქნება, მოხდეს ამ ადამიანების ნეიტრალურ სასაფლაოზე დაკრძალვა, რომელიც არ უნდა ეკუთვნოდეს არც ერთ რელიგიურ დაწესებულებას. ამას გარდა, არ უნდა მოხდეს გასვენება ისეთ დღეს, როცა რომელიმე რელიგიური დღესასწაულია. პირველ რიგში, ანალიზის ჩატარებას მოვითხოვთ, ხოლო თუ ვერ შევძლებთ, რადგან ერთ სამარხშია აღმოჩენილი ნეშტების გამოკვლევას წლები დასჭირდება, სამოქალაქო წესით გასვენება უნდა მოხდეს. ასევე, არანაირი რელიგიური ნიშანი არ უნდა გაკეთდეს საფლავებზე და იქ არ უნდა ჩატარდეს რაიმე რელიგიური ღონისძიება. ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მუსლიმია, იქ შეიძლება, იყვნენ ადამიანები ებრაული თემიდან, კათოლიკეები, მართლმადიდებლები და ა.შ", - აღნიშნა ქამაშიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა