შალვა შავგულიძე - პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის შემთხვევაში, „კლანს“ აღარ ექნება საკმარისი ხმები კანდიდატურების გასაყვანად

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევის შემთხვევაში, „კლანს“ აღარ ექნება საბჭოში საკმარისი ხმები კანდიდატურების გასაყვანად, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შალვა შავგულიძე პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს – შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს.

„თავისუფალი დემოკრატები“ ვმონაწილეობთ „ევროპული საქართველოს“ სხდომაში და ერთობლივად ვიხილავთ საკითხს, რათა ფრაქციამ დაყენოს საკითხი იუსტიციის საბჭოს იმ წევრების გამოწვევის თაობაზე, მათი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე, რომლებიც პარლამენტის მიერ იყვნენ არჩეულნი და არაჯეროვნად ასრულებენ ან საერთოდ არა ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, რაც კანონით ევალებათ. ამ შეუსრულებლობის და არაჯეროვნად შესრულების ნათელი მაგალითი იყო, ბოლოს ამ წევრების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა სია წარმოდგენა, რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია წარმოდგენილი იყო პროცედურებისა და კრიტერიუმების, ფილტრის გარეშე. პარლამენტმა თავისი მოქმედებით აღიარა, რომ ეს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება იყო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ, მაგრამ ვდგავართ იმის წინაშე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს შექმნას კამუფლაჟი, თითქოს შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები და ისეთი პროცედურები, რომლებიც კვლავ კანდიდატების შერჩევას სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს.

მივიღებთ მოცემულობას, როდესაც „კლანი“ შეავსებს სასურველი პირებით ვაკანსიებს და ეს არიან ის პირები, რომელთა სამართალი მიუღებელია საზოგადოებისთვის, რომელთა სამართლისაც საზოგადოებას არ სჯერა. ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ამის შეჩერების არის სწორედ ამ სამი წევრის გამოწვევა, ვინც არ შეასრულა მოვალეობები. ასეთ შემთხვევაში „კლანს“ აღარ ექნება იუსტიციის საბჭოში საკმარისი ხმები კანდიდატურების გასაყვანად“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს