ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი იმ ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ აქციას, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციაზე რვა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახი იმყოფება. მათი თქმით, ექიმების დაუდევრობამ არაერთი მოქალაქე იმსხვერპლა. აქციაზე 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახიც იმყოფება.
გარდაცვლილთა ახლობლები დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ. ასევე დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
"სულ რვა გარდაცვლილის ოჯახია შეკრებილი, მათ შორისაა 21 მარტს გადარცვლილი მელანო ფუტკარაძის, 6 წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის, 53 წლის დალი კეშელავას, 28 წლის თემურ გაბაიძისა და 4 წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი. ჩვენი მოთხოვნაა: კომისიის შექმნა, შეისწავლონ ყველა გარდაცვლილის საქმე, კომისიაში ჩართონ ჩვენი წარმომადგენლები, ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად პაციენტის ახლობლის ჩართულობით, კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის დაკომპლექტებისთვის განისაზღვროს ვადა 30 აპრილამდე.
ასევე, პირადად საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. ამასთან, ვითხოვთ, რომ დადგეს რეგულირების სააგენტოს ნდობის საკითხი, შეისწავლონ კომისიის წევრების საქმიანობა. ვითხოვთ კლინიკებში აუდიტის შესვლას, კლინიკის აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლას. საგამოძიებო ორგანოებს დაევალოს ამ საქმეების უპირატესად გამოძიება. დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, არა მარტო აჭარა, მთელი საქართველო გავერთიანდებით!",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.