პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას მიერ პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებიან.

თამარ ხულორდავას თქმით, პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საპარლამენტო საქმიანობის ჩარჩოს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას, შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას უკავშირდება.

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პარლამენტის გაზრდილი როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შეფასება გააკეთა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა. მისი თქმით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ამბიციურ და დროში მკაცრად გაწერილ დღის წესრიგს სთავაზობს.

„დეტალური სამოქმედო გეგმის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის პარლამენტის ორწლიან საქმიანობას განსაზღვრავს. სამოქმედო გეგმის შემუშავების შედეგად, პარლამენტს ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ვის მიერ და რა ვადებში, რაც იმის საწინდარია, რომ საქართველო მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ევროკავშირთან ამ საეტაპო შეთანხმებისგან“,-განაცხადა ვინტონმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2017 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევას. სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 19 მარტს მიიღო. გეგმის მიზანია პარლამენტის როლის გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საქმეში და ამ პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება. გეგმით განსაზღვრული საპარლამენტო საქმიანობის სამი სტრატეგიული მიზანი მოიცავს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ევროინტეგრაციის შესახებ.

საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შეთანხმება, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ამ დოკუმენტის მიღებამ კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური ინტეგრირება და ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირთან. საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ამ ვალდებულებათა თითქმის ნახევარი უნდა შესრულდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა