კახა კალაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც უწყებამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა.

თბილისის მერიის ცნობით, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პროექტში ჩართულ მხარეებსა და დარგის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა - დარგის სპეციალისტებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრ გიორგი გახარიას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც საკმაოდ მტკივნეული და მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე მთავარი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. შესაბამისად, ამ გამოწვევას ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ და აქ მხოლოდ ერთი ან ორი უწყება ვერაფერს გახდება. ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ფართო ჩართულობით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სტატისტიკა მართლაც ძალიან მძიმეა. ავტომობილი შეიქმნა იმისთვის, რათა კომფორტულად გადავაადგილდეთ და არა იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე წაგვართვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მზადაა, აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთოს და იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დედაქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

„დედაქალაქის მერია, პირადად მე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროექტში და იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ყველას გვტკივა. დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და საერთაშორისო სტანდარტს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ეს იქნება თუნდაც, სპეციალური საავტობუსე ზოლები, საფეხმავლო, ველობილიკები და ასე შემდეგ, თუმცა, აქაც ვხვდებით ძალიან სერიოზულ პრობლემებს, არის დარღვევები. ხშირია ავტომობილების მოძრაობა საავტობუსე ზოლებში, რაც აკრძალულია. ამის გამო, შსს-თან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, დედაქალაქის მასშტაბით დავამონტაჟოთ ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელზეც შესყიდვა გამოცხადებული გვაქვს და ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დავიცვათ და ავარიდოთ ადამიანები ამ დიდ უბედურებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიცოცხლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა