თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა სტაბილურია, სამი მუშიდან ორი ამ დროისთვის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ამტელ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.
რაც შეეხება მესამე მუშას, რომელიც „ინგოროყვას სამედიცინო კლინიკაში“ იმყოფება, გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის თქმით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
„21 წლის ბიჭი 18:43 საათზე შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ჩაუტარდა კვლევები და დიაგნოსტირდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ტრავმული პნევმოთორაქსი, ნეკნების მოტეხილობა, გულმკერდის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და მარჯვნივ იდაყვის ამოვარდნა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა თეონა ხუჭუამ.
ცნობისთვის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან დღეს სამი მუშა ჩამოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამი დაშავებულიდან ორი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში.