ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი - 2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო

2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ჰან ბინენდაიკი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პასიურმა პასუხმა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე, რამდენად განაპირობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ბინენდაიკი პასუხობს, რომ ყურადღება აგვისტოს ომის დროს მოდუნებული იყო.

„რთულია იმის თქმა, თუ რა იყო გამომწვევი და რა შედეგი. თუმცა, ვიტყოდი, პოლიტიკური პასუხი იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, შედარებით სუსტი იყო. შეერთებული შტატები ავღანეთსა და ერაყში ორი ტრილიონი დოლარის ღირებულების ომში იყო ჩართული. ჩვენ ალბათ ყურადღება მოვადუნეთ, ხოლო ევროპელები არ იყვნენ დაინტერესებულნი მაშინ, საკუთარ თავზე მეტის აღებით”, - აცხადებს ბინენდაიკი.

მან ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ალიანსში გაწევიანების იმედი.

„ფიქრობ, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ალიანსში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას. თუმცა ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნაბიჯები გადადგათ. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საბჭო, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, ნატო-ს წვრთნების პროგრამა და ორმხრივი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ პრაქტიკული პოლიტიკური და სამხედრო საშუალებით, ეს კავშირები უნდა გაძლიერდეს რამდენადაც შესაძლებელია, რათა ამასთანავე რუსეთმა გაიგოს, რომ მას მძიმე ბრძოლა ელოდება, თუ საქართველოს მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდება“,- აცხადებს ჰან ბინენდაიკი.