ბექა ნაცვლიშვილი - შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც

თუ შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უფლებებზე არ გავრცელდა, ჩვენ მშრომელების უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს.

გუშინ პროექტ “პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მიუხედავად შრომის ინსპექციის მანდატისა, ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას სამუშაო ადგილზე, მდგომარეობა მაინც სავალალო რჩება.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, შრომის უსაფრთხოების კანონს აქვს ხარვეზები - სანქციების მოცულობა მცირეა, ხოლო კომპენსაცია არ არის კანონით განსაზღვრული, რაც დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების გვერდის ავლას აიოლებს. მისივე აზრით, მხოლოდ ამ პრობლემის აღმოფხვრა საკმარისი არ იქნება.

„თუ შრომის უფლებები არ იქნება დაცული, უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება. მუშებს აქვთ კანონით მინიჭებული უფლება, რომ თუ მათი უსაფრთხოება არ არის სამუშაო ადგილზე გარანტირებული, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე. ამის გამო მათ ვერავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ამ უფლების განხორციელება შრომის ინსპექციის ზედამხედველობის გარეშე ვერ განხორციელდება. მათ რომ მიმართონ სასამართლოს, პროცესი როგორც წესი წლები გაგრძელდება, ამიტომ ამ პროცესში შესვლა აზრს კარგავს.

გარდა ამისა, არ არის უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული სამუშაო დრო და შესვენება. მათ ხშირად უწევთ არანორმირებულ სამუშაო პროცესში შრომა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება სპონტანურად, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების გარეშე. ეს იწვევს მუშების გადაღლილობას და მათი უნარების დაქვეითებას. სამუშაოს დაკარგვის შიშით, ისინი ხშირად მზად არიან დათანხმდნენ ყველა პირობას. ამიტომ გვჭირდება ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების უზრუნველყოფა, რომლებიც მხოლოდ შრომის საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებელი. ჩვენი ეს მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს მიერ შარშან უგულებელყოფილ იქნა. უნდა გაიზარდოს სანქციები, რადგან დამსაქმებელს ამ შემთხვევაში მხოლოდ ფულის დაკარგვის ეშინია. უნდა განისაზღვროს კომპენსაციის მოცულობა, რომელიც დასაქმებული დაშავების თუ სხვა ფატალური შემთხვევის შემდეგ, დამსაქმებელს დაეკისრება.

და კიდევ ერთხელ, შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც. ტყუილია, რომ ამისთვის მომზადება გვჭირდება. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ჩვენთვის, ჩვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის და არა ევროკავშირის გულის მოსაგებად, როგორც აქამდე ხდებოდა”, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა