გიგა ბოკერია - ხელისუფლების სამსახურში მყოფ მოსამართლეებსა და სტაჟზე რომ ვსაუბრობთ,  ამ სტაჟში უკვე შეგვიძლია ეს 7 წელიც ჩავთვალოთ

ხელისუფლების სამსახურში მყოფ მოსამართლეებზე რომ ვსაუბრობთ, ეს მემკვიდრეობა აწ უკვე მოიცავს არა მხოლოდ წინა ხელისუფლებას, არამედ დღევანდელი ხელისუფლების 7 წელს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ.

აღნიშნულ კანონპროექტზე ვენეციის დასკვნის შესახებ საუბრისას, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ კენჭისყრის ღიაობაზე რეკომენდაცია საქართველოში სასამართლოს მდგომარეობიდან და არსებული მემკვიდრეობიდან გამომდინარე გაიცა.

„თქვენ ნიშნის მოგებით თქვით, რომ ვენეციის კომისია საკუთარ თავს ეწინააღდეგება: ადრე ფარულობის მომხრე იყო, ახლა ღიაობის მომხრეაო. არ გგონიათ, რომ ეს არის უბრალოდ ვენეციის კომისიის და ეუთოს მიერ, რეალური ვითარების შეფასება საქართველოში არსებული სასამართლოს მდგომარეობასთან დაკავშირებით; რომ ამ შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების და პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულებას - ვინ რა პოზიცია დაიკავა. აბა მართლა გგონიათ, რომ წლების განმავლობაში სტანდარტი შეიცვალა? სტანდარტები გამოიყენება კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით. კანონმდებლობა, რომელიც უნივერსალურად კარგია, მსოფლიოში არ არსებობს. უნდა შეფასდეს ის ვითარება და მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ეს მემკვიდრეობა აწ უკვე მოიცავს არა მხოლოდ წინა ხელისუფლებას, არამედ დღევანდელი ხელისუფლების 7 წელს. ანუ ხელისუფლების სამსახურში მყოფ მოსამართლეებსა და სტაჟზე რომ ვსაუბრობთ, ამ სტაჟში უკვე შეგვიძლია ეს 7 წელიც ჩავთვალოთ. ნუ გამოგვრჩება ხოლმე",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კენჭისყრის ღიაობის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, როგორც პირვანდელი, ასევე კანონპროექტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებზე გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მიიღებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს