მთავრობის ადმინისტრაცია  ქობულიას გათავისუფლების ბრძანებაზე - როგორ მოხვდა სამუშაო დოკუმენტი კონკრეტული მედიასაშუალების ხელში, ინფორმაციას არ ვფლობთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, იყო სამუშაო ვერსია და მასში კანონი არასწორად იყო მითითებული. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის უცნობია, როგორ მოხვდა ბრძანების სამუშაო ვერსია ერთ-ერთი მედიასაშუალების ხელში.

„მთავრობის წევრის დანიშვნა - გათავისუფლების საკითხი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მიერ დადგენილ ნორმებს. თავდაპირველად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრძანება მომზადდა „მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების წესის შესახებ კანონის“ შესაბამისად. შემდეგ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, გასწორდა ეს ბრძანება და კონსტიტუციის ნორმებზე დაყრდნობით მომზადდა გიორგი ქობულიას გათავისუფლების ახალი ბრძანება, რაც გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რაც შეეხება იმას, როგორ მოხვდა სამუშაო პროცესში სამუშაო დოკუმენტი კონკრეტული მედიასაშუალების ხელში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლებას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა იმ დროისთვის აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებული არ იყო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს