პროფკომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციასთან შეთანხმება ვერ მოხდა

მიუხედავად წინა პერიოდის სოციალური დიალოგისა, შეთანხმება აბსოლუტურად ვერაფერზე მოხდა, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები აცხადებენ, საპროტესტო აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ხელფასების ზრდის,ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, შრომის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების და პროფკავშირის წევრებზე ზეწოლის აღკვეთის მიზნით გაიმართა.

ჩოხელმა აქციის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა და როგორც განაცხადა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციის თქმით, მათ ამ პერიოდში მეტის გაკეთების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

„აქციის მოთხოვნებია: ხელფასების 50%-იანი ზრდა, ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა და ფინანსური ანაზღაურება, ასევე, უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამაში პროფესიული კავშირების ჩართვა. დღევანდელი აქცია განპირობებული იყო იმით, რომ მიუხედავად წინა პერიოდის გარკვეული სოციალური დიალოგისა, შეთანხმება აბსოლუტურად ვერაფერზე, ამ საკითხებზე ვერ მოხდა. მოლაპარაკება გვქონდა ადმინისტრაციასთან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პერიოდში არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა უფრო მეტის გაკეთების, თუმცა მათი ფინანსური მდგომარეობა განვლილი 2017-2018 წლის მდგომარეობით აჩვენებს, რომ 160 მილიონი ლარი აქვთ მოგება. სწორედ ამაზე ვაკეთებთ აპელირებას, რომ ხელფასები გაიზარდოს ამ მოგების ხარჯზე და არა ტარიფების ზრდის მეშვეობით. დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დამთავრდა. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას. გაგრძელდება პერმანენტული აქციები, დაიწყება მედიაციის პროცესი, რომელში ჩართვისთვისაც მზად არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ვნახავთ, რას მოგვცემს მედიაცია და შემდეგ უკვე დავიწყებთ მზადებას საგაფიცვო რეჟიმისთვის“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე