სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლელა ქსოვრელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.

გასულ სხდომაზე საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა, რომ გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

როგორც პროკურორი განმარტავს, სხეულზე დაზიანებები ლუკა ქსოვრელსაც აღენიშნებოდა. თუ როდის არის ის მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

ჟორჟოლაძის თქმით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

„2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა