ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს

"ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი" მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციას კონსტიტუციაში არსებული რიგი ნორმების არაკონსტიტუციურდ ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და გადაწყვეტილების მოლოდინშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის" კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა განუცხადა, თუკი სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ნორმებს, რომლითაც კანონმდებლობა დღეს არასწორ კრიტერიუმებს ადგენს მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად, პარლამენტს მოუწევს, რომ კონკრეტული ვადის ფარგლებში ახალი კრიტერიუმები დაადგინოს, რითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდება.

მისივე განმარტებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების არსებობაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს რეალურ ვითარებას და არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს.

„საკანონმდებლო ხარვეზით, მარტოხელა მშობლების სტატუსის განსასაზღვრად, კრიტერიუმები სწორად არ არის დადგენილი. აღნიშნული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 28 მაისს მიიღო წარმოებაში და პირველი პროცესი ამ წლის 11 თებერვალს ჩატარდა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარედ გვყავს პარლამენტი. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა მსჯელობს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმე არსებითად განიხილოს თუ არა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საბოლოოდ ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები კონსტიტუციასთან მიმართებაში, პარლამენტს მოუწევს და ვალდებული იქნება, რომ კონკრეტული ვადის ფარგლებში ახალი კრიტერიუმები დაადგინოს, რის ფარგლებშიც სტატუსის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდება და მისი მიღების შესაძლებლობა იმ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებსაც ექნებათ, ვისაც კანონი დღეს არ ანიჭებს ამ სტატუსს“, - განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა.

სალომე მეზურნიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელიც დღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არსებობს. თუმცა, აღნიშნული კრიტერიუმები არ აძლევს ყველა მარტოხელა მშობელს, სარგებლობდეს სტატუსით.

მისი თქმით, მარტოხელა მშობლის სტატუსი კანონით ენიჭება როგორც ქალს, ისე მამაკაცს, იმ შემთხვევაში, თუკი იგი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი და დაბადების სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები. ხოლო, ვიანიდან, დედის მონაცემის ასახვა ბავშის დაბადების სამედიცინო ცნობაში ყოველთვის ხდება, შესაბამისად, დღეს საქართველოში, მარტოხელა მშობლის სტატუსი, არც ერთ მამას არ აქვს.

„რაც შეეხება არასწორ კრიტერიუმებს, დღევანდელი კანონმდებლობით, სტატუსის მიღება შეუძლია მარტოხელა დედასაც და მამასაც. მარტოხელა დედების შემთხვევაში გასაგებია, რადგან სტატისტიკით გვყავს მარტოხელა დედები, მაგრამ მარტოხელა მამა არ გვყავს ფიზიკურად, იმიტომ რომ კანონის ხარვეზი არ იძლევა რეალურ და ობიექტურ კრიტერიუმებს, რათა მარტოხელა მამამ მიიღოს სტატუსი. ჩვენ მიერ სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, არც ერთი სამედიცინო ცნობა არ გაგზავნილა სერვისების განვითარების სააგენტოში, სადაც ბავშვის დაბადების შემდგომ დაფიქსირდებოდა მხოლოდ მამის მონაცემი. ლოგიკურიცაა, ვინაიდან მელოგინე ქალის აღრიცხვა სამშობიაროში ყოველთვის ხდება, ბავშვის დაბადების შემდგომ კი, სამედიცინო ცნობაში ავტომატურად იწერება დედის მონაცემებიც. შესაბამისად, ეს გამორიცხავს იმას, რომ მამამ ამ მხრივ სტატუსი მიიღოს. საქართველოში არ ფიქსირდება, არც ერთი მშვილებელი მამაც, ვინც სარგებლობს მარტოხელა მშობლის სტატუსით.

სამუშაო ჯგუფში სტატუსის გაფართოებაზე მსჯელობისას, პარლამენტი მარტივად დათანხმდა ქვრივებისთვისაც სტატუსის მიცემას. ეს უკანასკნელი განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოში უკვე არსებობს მარჩენალდაკარგული ბავშვების ბაზა, ვინც იღებს სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობთ. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის პოზიცით, სტატუსს უფრო მეტი ადამიანი იმსახურებს: ქვრივები, განქორწინებულები, რომელთა შვილ(ებ)იც ალიმენტს ვერ იღებენ, იმიტომ რომ ალიმენტდაკისრებული პირი სოციალურად დაუცველია, ან არ აქვს შემოსავალი ან ქვეყანა აქვს დატოვებული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ის ქალები, რომელთაც მართალია ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობელი უფიქსირდებათ, მაგრამ ფაქტობრივად მარტო უწევთ მშობლის ტვირთის ტარება. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ დედას უწევს ხოლმე ბავშვის აღზრდის ტვირთის ტარება“, - განმარტავს მეზურნიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე