ირაკლი კობახიძე - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების გამოწვევის საფუძველი არ არის, იმიტომ, რომ არაჯეროვან საქმიანობას ადგილი არ ჰქონია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გამოწვევის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს უპასუხა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას მოითხოვენ.

„მე შეგნებულად არ მინდა შემოვიდე პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკუსიაში, რადგან აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხითაც. თქვენ თქვით ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ პოლიტიკურ დებატებში არ შეიძლება შედიოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება გამოწვევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევა შეიძლება მხოლოდ საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის. არაჯეროვანი შესრულება რა არის, ეს არის განმარტებული სხვადახვა სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება. თუ გავყვებით ჩვენ ასე, მაგალითად ანა დოლიძე ხვალვე შეუძლია გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა. მოვალეც არის, რომ გამოიწვიოს, ვინაიდან ის მუდმივად არღვევს იმ სტანდარტებს, რაც არის წარდგენილი სასამართლო ხელისუფლებისათვის. ის პირდაპირი ფორმით არის ჩართული პოლიტიკურ დებატებში და არა მარტო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა არის რისკის შემცველი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში იძლევა თვითნებობის შესაძლებლობას და იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურმა პირებმა მოახდინონ ზემოქმედება იუსტიციის საბჭოს წევრებზე და ნებისმიერი წევრი იუსტიციის საბჭოსი მუდმივად იქნება რისკის ქვეშ. იმიტომ წერია კანონში, რომ მხოლოდ არაჯეროვანი საქმიანობა არის გამოწვევის შესაძლებლობა, რომ თვითნებურად არ მოიქცეს პარლამენტი ან პრეზიდენტი. დღეს საფუძველი არ არის გამოწვევისთვის, იმიტომ, რომ არაჯეროვან საქმიანობას არ ჰქონია ადგილი. მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი. ის უხეშად არღვევს კანონით გაწერილ უფლებებს, თუმცა ეს მაინც არ არის საქმის არაჯეროვანი შესრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ“ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია სამი დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა