პანკისელი ლუიზა მუთოშვილი - ჩვენმა პროტესტის ფორმამ მთავრობა ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა, ხეობაში ყველანაირი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას საზოგადოება გაამართლებს

ჩვენმა პროტესტის ფორმამ მთავრობა ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა, ხეობაში ყველანაირი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას საზოგადოებაც გაამართლებს, - ამის შესახებ პანკისის ხეობის მკვიდრმა ლუიზა მუთოშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „საღამოს NewsRoom“ განაცხადა.

„გუშინდელი პროცესი იყო ცუდი ილუსტრაცია იმ პროტესტის, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვუსმენთ სხვადასხვა განცხადებებს, თუ როგორი ტიპის ძალადობაა გამართლებული ხეობასთან მიმართებაში სხვადასხვა მთავრობის მიერ, რომ თითქოს ძალიან კარგად ნახეს ამ ხალხის სახე, რომ მათთან სხვა, ჰუმანური მეთოდების გამოყენება არ ჭრის. ეს არ არის მართალი, რადგან ერთი წლის განმავლობაში ჩვენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს ვიყენებდით. რაც შეეხება მთავრობას, რომელიც თითქოს მოდიოდა ხეობასთან სალაპარაკოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ის ყოველთვის ირჩევდა ადგილზე მომხრე ჯგუფს. 10 კაცთან საუბარი მოსახლეობასთან საუბარს არ ნიშნავს. მთავრობის მიღმაც გვქონია შეხვედრები და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იზიარებს იმ შემოთავაზებულ ვერსიას, რომ ჰესის მშენებლობა ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება ან ზიანის მომტანი არ იქნება“, - განაცხადა პანკისის მკვიდრმა.

მისივე თქმით, პანკისში მომხდარი ინციდენტი მთავრობისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ამის შემდეგ შეიძლება გამართლებული იყოს ყველანაირი ძალისმიერი მეთოდის გამოყენება ხეობაში.

„პროტესტი ეფუძნება იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ კოლექტიურ საკუთრებაზე უფლებას. პრივილეგიებით ამ ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი უნდა სარგებლობდეს, მაგრამ გუშინდელი ინციდენტი იყო რადიკალურად განასხვავებული. იქ კონკრეტული პირები, ვინც უნდა დაისაჯონ, რეალურად არ არიან, რადგან ამ პროცესში ჩართული იყო ყველა. გამოდის, რომ ყველა ჩვენ პასუხისგებაში უნდა მიგვცეს სახელმწიფომ. რეალურად, მესმის, რომ პროტესტის ფორმა, რომელიც გამოყენებული იყო, გარე ელიტებისგან არ იქნა კარგად შეფასებული. გვესმის ყველას, რა ნაწილში შეიძლებოდა, ყოფილიყო კრიტიკა, მაგრამ დაფიქრების საგანია, როგორც ჩვენი თვითკრიტიკისთვის, ისე მთავრობისთვის და კომპანიისთვისაც, რამ მოიყვანა მოსახლეობა ამ ფორმით პროტესტის გამოხატვამდე. ყველა მთავრობა გამოირჩევა ხეობასთან მიმართებაში რეპრესიული პოლიტიკით, ძალის დემონსტრირებით, რასაც მოწმობს სხვადასხვა სპეცოპერაცია, ხოლო ჩვენმა გუშინდელმა პროტესტის ფორმამ ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და მან საზოგადოებას აჩვენა - აი, ქისტების ნამდვილი სახე. ამის შემდეგ კი არამარტო ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოებაც გაამართლებს ყველანაირი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას ხეობაში, რითიც ჩვენ ვზარალდებით“, - აღნიშნა მუთოშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ჰესის მშენებლობის სავარაუდო შედეგებზე და განაცხადა, რომ ეს ხეობას სხვადასხვა პრობლემას შეუქმნის.

„სახელმწიფო ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არც ერთი ჩვენგანი წასულა და ბუნებრივია, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი სისულელე. უბრალოდ, ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები არსებობს და ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე. ხეობაში უკვე არსებობს ორი ჰიდროელექტროსადგური, ხადორი 1 და ხადორი 2. ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, რა ტიპის ზემოქმედება მოახდინა, თუმცა თვალნათლივ დასანახია, არსებული ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებამდე რა იყო, დღეს რა რეალობაა და როგორ არის შეცვლილი ბუნება, ეკოსისტემა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ხეობა ჰესის აშენების შემთხვევაში დადგება, ეს არის წყლის პრობლემა, რადგან სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ისედაც არსებობს. ოჯახი არ მოიძებნება, ვისაც ჭა არ აქვს ეზოში და პირდაპირ წერია სხვადასხვა ექსპერტის დასკვნაში, რომ ალაზნის მოქცევა მილებში შემდგომ გამოიწვევს გრუნტი წყლების დაშლას და შესაბამისად, წყლების დაშრობას. ასევე, დადგება საძოვრების პრობლემა და ზოგადად, ეს ეკოსისტემას შეეხება - იქვე მდებარეობს ნაკრძალიც“, - განაცხადა პანკისის მკვიდრმა.

იხილეთ ვიდეო: "გუშინდელი ინციდენტი მომგებიანი აღმოჩნდა მთავრობისთვის" - რას ფიქრობენ პანკისელები მშენებარე ჰესსა და დაპირისპირებაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა