გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს, უნგრელ დიპლომატს ელეს არპადს, უცხოელ ქართველოლოგს იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას, საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს; ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს, ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს, ახალგაზრდა მეცნიერებს ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას, და მთარგმნელს ანი კოპალიანს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი მათ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გადასცა.

„დღეს ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა და ჩვენ უნივერსიტეტის მედლით დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, ვინც ქართული ენის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით 7 ევროპულ ქვეყანაში ქართველოლოგიის ცენტრები გაიხსნება, რაც ქართული ენის ფართო მასებში გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა ქართველ ხალხს ქართული ენის კვირეული მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია და მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბატონ გიორგი შარვაშიძე, ჩემს ქართული ენის მასწავლებლებს ამერიკასა და საქართველოში და განსაკუთრებით ქართველ ხალხს ამ ულამაზესი და უნიკალური ენის დაცვისა და შენარჩუნებისთვის,“ - აღნიშნა ელიზაბეტ რუდმა.

იაპონელმა ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმას თქმითქართული ულამაზესი ენაა მისთვის ამ ჯილდოს მიღება სასიხარულოა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის სწავლას დიდი სირთულეები ახლდა თან, ძალიან შემიყვარდა ეს ენა. მართლაც ულამაზესი ენაა. დღეიდან კიდევ უფრო შევეცდები გამართულად ვილაპარაკო, რომ ამ ჯილდოს ღირსი ვიყო,“ - განაცხადა იასუჰირო კოჯიმამ.

დაჯილდოების ცერემონიითა და გამოფენით „ბურჯი ეროვნებისა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული დაიხურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, თსუ-ში დაცული დისერტაციები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა.

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ქართული ენის დღე ასეთი მასშტაბით წელს პირველად აღინიშნა.

„დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თითქმის 10 დღეს გაგრძელდა და დასრულდა ძალიან საინტერესო მასალის წარმოდგენით. ეს ის მასალაა, რაც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან დღემდე გამოცემულა. საამაყოა, რომ ქართველმა ხალხმა 14 აპრილი დედა ენის დღედ აღიარა და ეს დღე კალენდარში მონიშნა,“- აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაციები, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა