აპრილის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე 10 ადამიანი გარდაიცვალა და 11 მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მეტროსადგურ „რუსთაველის“ წინ გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მოწყობილი ფოტო-გამოფენით მოქალაქეებმა შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, რამდენადაც არ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, ხალხი მაინც ღარიბდება, რადგან არსებული ფული არასამართლიანად ნაწილდება.
„დღევანდელი დღით ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ არასრული ჩამონათვალი იმ უბედურებისა და კატასტროფისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მშენებლობებთან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმ დროს როცა, აპრილის მონაცემებით 10 გარდაცვლილი და 11 მძიმედ დაშავებული არის ქვეყანაში, ბუნებრივია, საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს პოლიტიკოსები გვთავაზობენ ათას სისულელეს და აბსოლუტურად არაადეკვატურად ეხმაურებიან თავისი დღის წესრიგით. გვინდა, ჩვენი წუხილი გავაგონოთ მთავრობას, რათა პოლიტიკოსები სწორედ ჩვენი დღის წესრიგით ცხოვრობდნენ. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდების დასაქმება გახდა უდიდესი პრობლემა და 35% დაუსაქმებელი ახალგაზდა გვყავს ქვეყანაში, საპენსიო რეფორმის მეშვეობით აბსოლუტურად დემოტივირებულს ვხდით დამსაქმებელს, რომ დაასაქმოს ახალგაზრდა და აირჩიოს 40 წელს ზემოთ სამუშაოს მაძიებელი. ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ეს ფული არასამართლიანად ნაწილდება და ქვეყანა ღარიბდება, ამას სჭირდება მოსახლეობის მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.