მერია ვარკეთილში, 70 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესყიდვაზე, სადაც ყველაზე მეტი ავარიული შენობაა, ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

თბილისის მერია ვარკეთილში, 70 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესყიდვაზე, სადაც ყველაზე მეტი ავარიული შენობაა, ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ეს იქნება უპრეცედენტო პროექტი, რადგან მუნიციპალიტეტი განაშენიანების რეგულირების გეგმას პირველად დაამტკიცებს.

„ავარიულ შენობებთან დაკავშირებით ვიცით, რომ ქალაქში არასახარბიელო სიტუაცია გვაქვს. მერია ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს, რომ მოხდეს ავარიული შენობების გამაგრება. ხოლო მეორე მხრივ, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის ისტორიულ უბნებში. ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება, რაც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, ეს არის ვარკეთილის 70 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, რაზეც უახლოეს მომავალში შესყიდვა განხორციელდება. მუნიციპალიტეტი თვითონ დააგეგმარებს ტერიტორიას, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ავარიული ობიექტები გვაქვს. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, ჩვენ მივიღებთ სწორ პროექტს, სადაც ინვესტორს შეეძლება კარგი, ეკონომიკურად და ქალაქისთვის მომგებიანი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. ეს იქნება უპრეცედენტო პროექტი, რადგან მუნიციპალიტეტი პირველად დაამტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას. ეს არის ის ტერიტორია, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით აკუმულირებულია მრავალსართულიანი, მრავალბინიანი ავარიული შენობები. ეს იქნება უნიკალური შემთხვევა, სადაც სწორად დაგეგმილ განაშენიანების რეგულირების გეგმას მივიღებთ, რაც ამ უბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს“, - განაცხადა ბითაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს