სერგო მეთოფიშვილი - ჩემთვის მოულოდნელად, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ბოლო ორ სხდომაზე მე და იუსტიციის საბჭოს რამდენიმე სხვა წევრი აღარ დაგვპატიჟეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ბოლო ორ სხდომაზე ის და საბჭოს რამდენიმე სხვა წევრი არ მიიწვიეს.

მეთოფიშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ სამუშაო ჯგუფში იუსტიციის საბჭოდან დარჩა მხოლოდ ორი მოსამართლე წევრი - გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ხოლო არამოსამართლე წევრებიდან - ნაზი ჯანეზაშვილი, ანა დოლიძე და ირმა გელაშვილი.

მეთოფიშვილი აცხადებს, რომ ითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისადმი თანაბარ მიდგომას და პროცესის გარეთ დარჩენილი წევრების კვლავ ჩართულობას ამ ჯგუფში,

“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ თუ არ ვცდები, უკვე ორი წელია, რაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდნენ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის მთავარ მიმართულებებს და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს და ინიციატივებს იხილავს.

დაარსების დღიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყო სრული შემადგენლობით და ამ ფორმატში ეფექტურად მოღვაწეობდა საბჭოს ყველა წევრი.

ჩემთვის მოულოდნელად, სამუშაო ჯგუფის ბოლო ორ სხდომაზე მე და რამდენიმე სხვა წევრი აღარ დაგვპატიჟეს. მიზეზები ჩემთვის უცნობია.

სამუშაო ჯგუფში იუსტიციის საბჭოდან დარჩა მხოლოდ 2 მოსამართლე წევრი გ. მიქაუტაძე და დ. გვრიტიშვილი, ხოლო არამოსამართლე წევრებიდან - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, ანა დოლიძე და ირმა გელაშვილი(???).

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურია ასეთი შერჩევითი მიდგომა და რა პრინციპით მოხდა ასეთი გამორჩევა ძალიან მაინტერესებს?

ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები და იმედი მაქვს ამ კითხვებზე მივიღებ პასუხს: ვინ, რა მიზნით, რატომ და რის საფუძველზე შეამცირა ჯგუფის შემადგენლობა?

რაც მთავარია, მაინტერესებს კონკრეტულად ვინ განახორციელა ეს სელექციური მიდგომა და რა კრიტერიუმების საფუძველზე - თუ ვინ უნდა დარჩეს ჯგუფში და ვინ უნდა ამოვარდეს ამ ჯგუფიდან? ჩვენ ვართ თუ არა საბჭოს თანაბარუფლებიანი წევრები? რატომ გვეკრძალება მონაწილეობა ამ ფორმატში?

პირადად მე ჯგუფის ფორმატში განსახილველად მქონდა რამდენიმე ინიციატივა და წინადადება... ამ დროს არავინ არაფერს არ მეუბნება და არც მეძახის ამ ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. ფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა სწორია?

ჩემი ღრმა რწმენით - არა!

და ბოლოს, ვითხოვ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისადმი თანაბარ მიდგომას და პროცესის გარეთ დარჩენილი წევრების კვლავ ჩართულობას ამ ჯგუფში“, - წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა