კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციის დაწყებას დაესწრო

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

მერიის ცნობით, ავტოტრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის შახტის დაღრმავება და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის ცხაურები და სანიაღვრე სისტემა.

„ეს სერიოზული პრობლემა იყო განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე მძღოლებისთვის, ვინც ამ გზით გადაადგილდება. ვაჟა-ფშაველას N83 დაახლოებით 20-25 წელია ამ მდგომარეობაშია. აქ არის მეტროს შახტი, რომლის მოწესრიგებაც გვინდა, რათა საავტომობილო გზა გაიხსნას და მძღოლებს გვერდის ავლა არ უწევდეთ. ის პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეებისთვისაც. ყველაფერი დაახლოებით 3 თვეში მოწესრიგდება. გამყოფი ზოლი გამწვანდება და მისი რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო შახტი გვერდით იქნება გადატანილი ისე, რომ გზაგამყოფში მოექცეს და მოძრაობას ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, მეტროსადგურის მშენებლობის დროს ეს ტერიტორია გამოიყენებოდა სავენტილაციო შახტის მოსაწყობად, ასევე, აქედან ხდებოდა გარკვეული სამშენებლო მასალების მიწოდება წარმოებულ სამუშაოებზე.

„ეს სავენტილაციო შახტი 7 მეტრის დიამეტრის და დაახლოებით 36 მეტრი სიგრძისაა. მისით ხდება გვირაბების განიავება. შახტი განთავსებულია შემოღობილი ტერიტორიის შიგნით, იმ ადგილზე, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გადმოიწევს დაახლოებით გამწვანების ტერიტორიაზე, სადაც მომავალში მოეწყობა გამწვანების თარგი. თავად შახტი ფუნქციონირებას განაგრძობს, უბრალოდ შევძლებთ, რომ შემოფარგლულ ადგილას მოძრაობა აღვადგინოთ იქ, სადაც მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში უწევდა შემოვლა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი