გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა

ახალ სახელოვნებო სივრცეში - „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, "თიბისის" მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა.

ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი "თიბისისა" და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით:

„ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო.

როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა.

მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ასე დავარქვით – ზამთარი გადასატანია.“

ამ გამოფენიდან 25 წლის შემდეგ გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ურთულეს პერიოდს ებრძვის, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა. 1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც "თიბისის" ორგანიზებით სტუდია - Film Asylum-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის - კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ.

პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა „ინდიგოსა“ და "თიბისის" ორგანიზებით, კვირაში ერთხელ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების საუბრები შედგება.

რუსთაველის N 18-ში „ბარნოვის ხელოვნების სახლი“ სწორედ ამ გამოფენით გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება. ახალი სივრცე გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების გამოფენას 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა